ENSO TRAIL / გზამკვლევები და განმარტებები
ელექტრო ჯალამბარი: გამოყენების ძირითადი წესები
რა უნდა გაითვალისწინოთ ჯალამბრის გამოყენებისას — აღჭურვილობის შემოწმება, დამცავი ხელთათმანები, ტროსის დამამშვიდებელი, უსაფრთხო დისტანცია და ხის დამცავი ღვედი.

უგზოობის მოყვარულთათვის არის მომენტები, როდესაც ერთ-ერთ მთავარ დამხმარე ინსტრუმენტად ჯალამბარი გვევლინება — იქნება ეს რთული მონაკვეთის დაძლევა, გაჭედილი ავტომობილის ამოყვანა თუ სხვა სიტუაცია.
ერთი შეხედვით, ჯალამბარი მარტივი მოწყობილობაა, თუმცა მისი გამოყენება დიდ ძალასთან და, შესაბამისად, სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი წესის დაცვა.
დამცავი ხელთათმანების გამოყენება
ხელთათმანების გამოყენება აუცილებელია როგორც ფოლადის, ისე სინთეტიკური ტროსის შემთხვევაში.
სამუშაოს დაწყებამდე შეამოწმეთ აღჭურვილობა
თუ ტროსს აქვს მნიშვნელოვანი ცვეთა, დაზიანება ან დეფორმაცია, მისი გამოყენება სარისკოა და აუცილებელია რისკები სწორად შეფასდეს.
გამოიყენეთ ტროსის დამამშვიდებელი (Winch Dampener)
დაჭიმულ ტროსზე მოათავსეთ სპეციალური Winch Dampener, არქონის შემთხვევაში კი ქურთუკი ან მსგავსი ნივთი სიმძიმით.
მისი დანიშნულებაა ტროსის ან სხვა კომპონენტის დაზიანების შემთხვევაში შეამციროს ტროსის უკონტროლო უკუცემა. დამატებითი სიმძიმე ხელს უწყობს გაწყვეტილი ტროსის ძირს დაცემას.
დაიცავით უსაფრთხო დისტანცია
არასოდეს დადგეთ დაჭიმული ტროსის გვერდით ან უშუალოდ მისი ხაზის გასწვრივ. ჯალამბრის მუშაობისას აუცილებელია ადამიანები იმყოფებოდნენ მოშორებით, უსაფრთხო ადგილას.
არასოდეს შეეხოთ ტროსს, კაუჭს ან შაკლებს, როდესაც სისტემა მოქმედებაშია მოყვანილი და დაჭიმულია.
ხის დამცავი ღვედი
თუ ანკერის წერტილად ხეს იყენებთ, ჯალამბრის ტროსი პირდაპირ ხეზე არ შემოახვიოთ.
ამისთვის გამოიყენება ფართო ღვედი — ხის დამცავი ღვედი (Tree Trunk Protector), რომელიც იცავს როგორც ხის ქერქს, ასევე ჯალამბრის ტროსს.
ელექტროსისტემა
ელექტრო ჯალამბარი დიდი რაოდენობით ენერგიას მოიხმარს, ამიტომ მუშაობის პროცესში სასურველია ავტომობილის ძრავი ჩართული იყოს, რათა შემცირდეს აკუმულატორის დაცლის რისკი.
გაეცანით ENSO TRAIL-ს